რა არის შ.ს.ო?

შ.ს.ო ანუ შებრუნებული საკლასო ოთახი




მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
მასწავლებლის როლი მთლიანად იცვლება. ტრადიციულ საკლასო ოთახში სწავლის პროცესი მიმდინარეობს დაფის წინ, სადაც მასწავლებელი დგას. ზოგ შემთხვევაში, დაფა შეიცვალა პროექტორის ეკრანით, თუმცა მასწავლებელი კვლავ წინ დგას, პროექტორთან და სასწავლო პროცესიც ეკრანის წინ მიმდინარეობს.
შებრუნებულ საკლასო ოთახში სწავლის პროცესი კლასშია გადატანილი. მასწავლებელი იმის მაგივრად, რომ მერხების წინ იდგეს და ინფორმაციას გადასცემდეს მოსწავლეებს, რიგებში დადის და ეხმარება მათ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, პატარა ჯგუფებს უძღვება, მეტად მუშაობს იმ მოსწავლეებთან რომლებსაც უჭირთ.
(სმარტბორდს კიდებენ არა მერხების წინ, დაფის ადგილას, არამედ გვერდით კედელზე. რომ ის ნამდვილად მოსწავლის სასწავლო ინსტრუმენტი იყოს და არა მასწავლებლის :)).
 დიფერენცირებული სწავლების რეალური შესაძლებლობა
შებრუნებული საკლასო ოთახი გულისხმობს ყურადღების მიმართვას მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სწავლაზე.
განათლების სისტემა ინდუსტრიული რევოლუციის მოდელზეა მორგებული. თანამედროვე მიდგომები სწავლის დიფერენცირებაზეა ორიენტირებული. თუმცა, მასწავლებლებისთვის ძალიან რთულია სწავლის ინდივიდუალიზება 150 მოსწავლისთვის. ამიტომ, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კონტენტი მისცენ მოსწავლეებს გამოყოფილ დროში, და იმედოვნებენ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მიუვა და  დაელექება გონებაში. კვლევების მიხედვით ამ, ტრადიციული მეთოდით მოსწავლეების მხოლოდ 20% ეუფლება კონტენტს.
შებრუნებული საკლასო ოთახის სტრუქტურა მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგების საშუალებას იძლევა, რომ ყველა მათგანმა საკუთარი ტემპით იმუშაოს.
 შინაარსის ღრმად წვდომა
შებრუნებული საკლასო ოთახი „აიძულებს“ მოსწავლეებს რომ ისწავლონ/გაიაზრონ თემა, და არა უბრალოდ დაიმახსოვრონ ინფორმაცია.
მასწავლებელი მოსწავლეს აცნობს სასწავლო მიზნებს და აწვდის რესურსებს, რომელიც საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად. მოსწავლემ უნდა დაამტკიცოს რომ მიზანს მიაღწია. თუ მოსწავლე ვერ აჩვენებს, რომ პროგრესს განიცდის, მასწავლებელი „დახმარების გეგმას“ ადგენს ადგილზევე.
მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირების დროს სხვადასხვა დონის დახმარება სჭირდებათ. ზოგ მოსწავლეს მასწავლებელი საშუალებას აძლევს „იწვალოს“, მარტო ტოვებს რომ „ებრძოლონ“ რთულ კონცეფციებს, (სამაგიეროდ უფრო ღრმად ჩაწვდებიან). დანარჩენებს სტრუქტურირებულ დახმარებას უწევს. მოსწავლეს შეუძლია უკან დაბრუნდეს და ხელახლა ისწავლოს ის რაც გამოტოვა. შესაძლოა: ვიდეოს ყურება განმეორებით, სახელმძღვანელოდან ტექსტის წაკითხვა, დამატებითი ინტერნეტ რესურსის გაცნობა, ან უბრალოდ შესაძლოა მასწავლებელმა ხელახლა აუხსნას საკითხი.
კვლევების მიხედვით ამ პრინციპით ძირითად კონტენტს მოსწავლეების 80% დაეუფლება.

მოსწავლე თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლობს
მასწავლებელი ტრადიციულ კლასში ზოგისთვის სწრაფად ხსნის, ზოგისთვის ნელა. ვიდეო საუკეთესო საშუალებაა ყველამ თავის ბუნებრივ რითმზე მოირგოს სწავლის პროცესი, მოსწავლეებს შეუძლიათ ვიდეოს სიჩქარის გაზრდა ან წინ გადახვევა მარტივი საკითხების გამოსატოვებლად, და პირიქით დაპაუზება ან უკან გადახვევა ბუნდოვანი საკთხების ხელახა მოსასმენად/გასააზრებლად.
 მოქნილი დრო მოსწავლეებისთვის
გაკვეთილის გაცდენა და ამის გამო მასალაზე ჩამორჩენა პრობლემა აღარაა. მოსწავლეები ვიდეოდან სწავლობენ ახალ მასალას. ეს ეხმარება დაკავებულ მოსწავლეებსაც, მაგ., ოლიმპიადებში ან სხვა ტიპის კონკურსებში მონაწილეობის გამო მასალას აღარ ჩამორჩებიან. კარგია ასევე, მოსწავლეებისთვის რომლებიც შორს ცხოვრობენ და გაცდენა უწევთ (მაღალმთიან რეგიონებში).
 მოსწავლე სწავლობს დროის მართვას
მოსწავლეს იძენს დროის მართვის მნიშვნელოვან უნარს, როგორ შეარჩიოს პრიორიტეტები და მართოს თავის დრო. მაგ. თუ იცის რომ რაღაც პერიოდი სკოლა გაუცდება, შეუძლია წინასწარ გაიაროს მასალა.
 მოსწავლე ხდება Independent learner, სწავლობს როგორ ისწავლოს

დროისა და რესურსის ეფექტური გამოყენება  მასწავლებლის მხრიდან
მასწავლებელს აღარ სჭირდება, რვეულები წაიღოს სახლში დამოუკიდებელი სამუშაოს გასასწორებლად, აღარც მოსწავლეს სჭირდება შეფასებაზე ლოდინი. მასწავლებელს დრო აქვს გაკვეთილზევე შეამოწმოს დამოუკიდებელი სამუშაოები, შეაფასოს რა გაიგო მოსწავლემ და რა ვერა.  მოსწავლე მაშინვე არკვევს რა საკითხზე „გაიჭედა“ და მასწავლებლისგან შემდეგ დავალებას იღებს შესასწორებლად. თუ შესრულებული დავალებით გამოიკვეთა რომ მოსწავლე ფლობს ამ საკითხს, შემდეგ საფეხურზე გადადის.
 მეტი დრო „სუსტი“ მოსწავლეებისთვის
როგორც წესი, ზოგ მოსწავლეს შედარებით უჭირს კონკრეტული საკითხების გაგება. მასწავლებელი ასეთ მოსწავლეებთან მეტ დროს ატარებს პატარა ჯგუფებში, შესაძლოა დააჯგუფოს ასეთი მოსწავლეები ერთად და ხელახლა აუხსნას/განიხილოს საკითხი, სანამ სხვები დამოუკიდებლად ასრულებენ სავარჯიშოს.
 სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის მეტი შესაძლებლობა
მასწავლებელს მეტი დრო დარჩება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლესთან ინტერაქციისთვის
მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქცია იზრდება
მასწავლებელს შეუძლია უკეთესად განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობები, ვინაიდან მეტი დრო აქვს მათთან ინტერაქციისთვის.  მასწავლებელს უფრო ტუტორის როლი აქვს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მასწავლებელი იქ არის მათ დასახმარებლად. რომ მასწავლებლის მიზანია საფუძვლიანად გააგებინოს კონტენტი გაკვეთილზე, და რამდენადაც შესაძლებელია საუკეთესო „მსწავლელად“ ჩამოაყალიბოს ისინი.
 მასწავლებელს მეტი ინფორმაცია აქვს ინდივიდუალურ მოსწავლეზე
გაკვეთილზე გამოთავისუფლებული დრო და გაზრდილი ინტერაქცია მასწავლებელს უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის თითოეულ მოსწავლეზე, მითუმეტეს „გადაჭედილ“ საკლასო ოთახებში
 მოსწავლეებს შორის ინტერაქცია იზრდება
მოსწავლეები მეტად ეხმარებიან ერთმანეთს. მოსწავლეები ავტომატურად ერთიანდებიან ჯგუფებად, ან მასწავლებელი სპონტანურად აჯგუფებს მათ სტრატეგიულად, მაგ. მოსწავლეები რომლებსაც ერთი და იგივე კონტენტის გაგება გაუჭურდათ. მოსწავლეები აცნობიერებენ რომ გუნდში უკეთესად მუშაობენ ვიდრე მარტო, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა იზრდება (21-ე საუკუნის უნარებზე გავდივართ). მოსწავლეები იმის მაგივრად, რომ მთლიანად მასწავლებელზე იყვნენ დამოკიდებული, როგორ ცოდნის გავრცელების ერთადერთ წყაროზე, ერთმანეთისგან სწავლობენ, ერთმანეთს მიმართავენ დასახმარებლად.
 თანატოლთა განათლებისთვის (peer couching) ბუნებრივი გარემოა
ეს პროცესი ბუნებრივად იძლევა გარემოს თანატოლთა განათლების ხელშესაწყობად. კვლევების მიხედვით ეს მძლავრი ინსტრუმენტია სწავლის პროცესში.
 კლასის მართვა უმჯობესდება
პრობლემა დისციპლინარული გადაცდენების   მქონე მოსწავლეებთან, რომლებიც სხვა მოსწავლეებსაც „აცდენდნენ“ ავტომატურად ისპობა. ვინაიდან გაკვეთილის პერიოდი აქტივობების შესრულებით ან ჯგუფური სამუშაოებით არის დაკავებული. ასეთ მოსწავლეებს „აუდიტორია“ აღარ ყავთ, ან უბრალოდ ჩართულები არიან  და მოსაწყენად დრო არ აქვთ.
ასევე, თუ მასწავლებელმა იცის რომ რაღაც პერიოდით სკოლის გაცდენა უწევს, წინასწარ იწერს გაკვეთილის მასალას და უტოვებს შემცვლელ მასწავლებელს. შემცვლელი მასწავლებელი პროექტორზე უშვებს ვიდეოს და კლასს აყურებინებს. ამგვარად, მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ ახალი მასალა ზუსტად ისე იქნა მიწოდებული, როგორც ეს მას სურდა.
 მშობლებლთან ურთიერთობა იცვლება
მშობლების ჩართულობა იზრდება, ვინაიდან მათ საშუალება აქვთ უყურონ ვიდეოს და  შვილებს დაეხმარონ.
 საკლასო პროცესი გამჭვირვალე ხდება
ყველამ იცის რა ხდება კლასში, სკოლის პოპულარიზებისთვისაც სასარგებლოა.
 „თამაშის“ პრინციპი
მოსწავლეები, რომლებიც სწრაფად აითვისებენ მასწავლას, შეუძლიათ წინ წავიდნენ, ახალ თემაზე გადავიდნენ, ან უფრო რთული დავალებები შეასრულონ. როგორც წესი ძალიან მოსწონთ, როდესაც სხვებზე წინ არიან (შეჯიბრებითობა).
„თამაშის“ ელემენტია ამ პროცესში. სანამ ერთ „დონეს“ არ დაეუფლები, შემდეგზე ვერ გადადიხარ. (ეს თამაშით სწავლების ძლიერი მხარეა).
  ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება
მოსწავლეებს ხშირად გაცილებით უფრო მძლავრი მანქანა უდევთ ჯიბეში, ვიდრე სკოლის მოძველებული კომპები და ჩვენ არ ვაძლევთ მათი გამოყენების საშუალებას.
მოსწავლეებს ციფრული გარემო ბუნებრივი გარემოა (განსხვავებით მასწავლებლებისგან), ანუ შებრუნებული საკლასო ოთახი ნიშნავს რომ მათ ენაზე ელაპარაკები. 

Комментариев нет:

Отправить комментарий